საკმაოდ რთული გასარკვევია, ზუსტად რა ხდება ძაღლის ტვინში; ძაღლის გონებასთან დაკავშირებული კვლევები დღემდე საკმაოდ ხშირად აწყდებოდა სკეპტიციზმს, მაგრამ ბოლო წლებში, ძაღლების სხვადასხვა უნარებთან დაკავშირებული მცირე კვლევების საფუძველზე, დიდძალმა ფაქტებმა მოიყარა თავი; საუბარია ძაღლის უნარზე დააფიქსიროს სიმსივნური დაავადება, წინასწარ იგრძნოს სხვადასხვა შეტევის მოახლოება, გადაწყვიტოს რთული (ყოველ შემთხვევაში ძაღლისათვის) პრობლემები და ენაც კი ისწავლოს; რაც გვაფიქრებინებს, რომ მათ გაცილებით მეტი იციან, ვიდრე ჩვენ ოდესღაც გვეგონა.
აშკარაა, რომ ძაღლს შეუძლია ჰარმონიულად შეეწყოს ფსიქიატრიულ პაციენტებს, შუქი აუნთოს ტრავმირებულ ადამიანს, რომელსაც სიბნელის ეშინია, პატრონს შეახსენოს, რომ წამლის მიღების დროა; თვითმკვლელობისა და თვითდასახიჩრების მცდელობისას კი ადამიანს ხელიც კი შეუშალოს; ამ ყველაფერმა ბოლოსდაბოლოს მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. მიმდინარე წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად არის 300000 დოლარი გამოყოს სპეციალური კვლევისათვის, რომლის დროსაც შეისწავლება “ჯეთის” (ძაღლის სახელი) მსგავსი ფსიქიატრიული მომსახურების ძაღლების ზემოქმედება ერაყიდან და ავღანეთიდან პოსტტრავმატური და სტრესული აშლილობებით დაბრუნებულ ჯარისკაცებთან ურთიერთობისას.
უნგრელი მკვლევარები შარშანდელი კვლევის შედეგებს გვაცნობენ და აცხადებენ, რომ იყო შემთხვევა, როცა ბრმა და ეპილეფსიით დაავადებული პიროვნების ძაღლი მღელვარებას წინასწარ იჩენდა, სანამ მის პატრონს შეტევა დაეწყებოდა. წვრთნის შედეგად მან აითვისა ჩვევა: შეტევის მოახლოებამდე სამი-ხუთი წუთით ადრე იგი პატრონის სახისა და მკლავის ლოკვას და ყეფას იწყებდა.
დღემდე იდუმალებით არის მოცული, თუ როგორ გრძნობენ ძაღლები შეტევის მოახლოებას: ადამიანის ქცევაში აფიქსირებენ გარკვეულ ცვლილებებს, თუ რაღაც ავისმომასწავებელს ყნოსვით შეიგრძნობენ. ერთი რამ ცხადია; მრავალრიცხოვანმა მცირე გამოკვლევამ უჩვენა, რომ უფაქიზესი ყნოსვა აძლევს ძაღლებს საშუალებას დააფიქსირონ ფილტვის თუ სხვა სახის კიბო; ისინი თვით დაავადების სუნს გრძნობენ.
ამ აღქმითი უნარების გარდა, რომელთა წყალობით მწვრთნელებს შეუძლიათ ძაღლების ბუნებრივი ინსტინქტები გამოიყენონ, ზოგმა გამოკვლევამ ძაღლის რეალურ გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითა; ირკვევა, რომ “ცუგა” ყველაფერთან ერთად, “ჭკუის კოლოფიც” არის.
“ვფიქრობ, ამდენი კვლევა ან ბოლო დროს იმიტომ ტარდება, რომ ჩვენ ჯეროვნად ვერ ვაფასებდით ძაღლების გონებრივი შესაძლებლობების გარკვეულ ასპექტებს; დღეს თვით ყველაზე გამობრძმედილი ცინიკოსებიც იძულებულნი არიან დაფიქრდნენ, სანამ ამ ყველაფერს უარყოფდნენ,” - ამბობს სტენლი კორენი, ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი და ძაღლების თემაზე დაწერილი მრავალი წიგნის ავტორი. დოქტორი კორენი გონებრივი შესაძლებლობების შესახებ დაწერილ თავის ნაშრომში - და სხვა კვლევებშიც - ძაღლის ტვინს ინფორმაციის გადამუშავების ისეთ უნარს მიაწერს, რომელიც ადამიანისას ჩამოჰგავს; ნაშრომმა კრიტიკა დაიმსახურა. კრიტიკის საფუძველიც არსებობდა. საქმე ის არის, რომ ამ ბოლო დრომდე ყველას, ვინც ძაღლის გონიერებაზე სიტყვას დაძრავდა და ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ეს ცხოველი გააზრებულად მოქმედებს და არა ადამიანის მიბაძვით (ან კიდევ ისეთი ქცევით და მიხრა-მოხრით, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ძაღლს ჩვენი აზრები კარგად ესმის) თავზე უსათუოდ დაადგებოდა “ჭკვიანი ჰანსის” აჩრდილი.
ცხენს - “ჭკვიან ჰანსს”, როგორც ამბობდნენ, თვლა და ანგარიშიც შეეძლო და დროის შეტყობინებაც (ფლოქვის დარტყმით), სანამ 1900-ან წლებში მკვლევარებმა არ დაადგინეს, რომ ჰანსი უბრალოდ თავისი მწვრთნელის სხეულის ენას ეხმაურებოდა და ფლოქვს მაშინ აბაკუნებდა, როცა მწვრთნელი თავს დაუკრავდა. ეს ამბავი საკმაოდ მყარ საბუთად იქცა მათთვის, ვინც ამტკიცებდა, რომ ფიქრი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის პრეროგატივაა.
მაგრამ 2004 წელს, გერმანელმა მკვლევარებმა გამოაქვეყნეს ცნობა, რომ მესაზღვრე კოლი, სახელად რიკო, საგნის დასახელებას პირველივე ჯერზე სწავლობდა, თავის “რეპერტუარში” 200-მდე მსგავსი საგანი ჰქონდა და ყველა მათგანი ერთი თვის შემდეგაც ახსოვდა, რაც ძალიან ჰგავდა ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს. რიკოს შემთხვევა ცხოველთა ქცევის შემსწავლელმა სკეპტიკოსმა მეცნიერებმაც კი ცნეს საკმაოდ შთამბეჭდავად და დამაჯერებლად.
დოქტორი კორენი ძაღლებთან მუშაობისას (ენის შესწავლის თუ სხვა მიზნით ჩატარებული ცდების დროს) პატარა ბავშვებისათვის განკუთვნილი სისტემით სარგებლობდა; მან ძაღლების ასი ჯიშისაგან შემდგარი რეიტინგული სია შეადგინა, რომელშიც მესაზღვრე კოლი პირველ ადგილზე აღმოჩნდა. დოქტორი კორენი ამბობს, რომ ყველაზე გონიერ ჯიშებს (პუდელი, მონადირე ძაღლი, ლაბრადორი და ნაგაზი) შეუძლიათ არანაკლებ 250 სიტყვა, ნიშანი და სიგნალი აითვისონ, სხვებს კი - მხოლოდ 165.
“საშუალო ძაღლი გონებრივი განვითარების მხრივ დაახლოებით 2 წლის ბავშვის დონეზეა, - ასკვნის მეცნიერი, - მას აქვს უნარი ზოგიერთი განყენებული ცნების აღქმისა; მაგალითად, მას ესმის, რომ ის ძაღლია და ამას ისეთი ფოტოსურათების ერთანეთისაგან გარჩევით ავლენს, რომლებზეც ეს ცხოველი ან არის აღბეჭდილი, ან არა”.
მაგრამ ფლორიდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი კლაივ უინი (იგი ძაღლის გონებრივ მონაცემებს სწავლობს და ამბობს, რომ თვითონაც უნახავს კოლი, რომელმაც 1,500 სიტყვა იცოდა) ზემოთხსენებულ კამათში თავის სიტყვას ამბობს: იგი ადამიანისა და ძაღლის ტვინს ერთმანეთს ადარებს და ამტკიცებს, რომ ძაღლის შესაძლებლობები, ხშირ შემთხვევაში, აიხსნება ძაღლის უაღრესი მგრძნობიარობით მის გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ, მორჩილებით მკაცრი წვრთნის დროს და დიდი სურვილით - მაქსიმალურად აამოს ადამიანს.
“შეიძლება ისინი ადამიანის ბრძანებებს სწრაფად აღიქვამენ, ადვილად სწავლობენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ადამიანებივით ფიქრობენ,” - ამბობს მეცნიერი. ძაღლის მთელი სამყარო პატრონის ირგვლივ ტრიალებს; იგი ამ პიროვნების მოთხოვნებს პასუხობს იმ მიზნით, რათა მიიღოს, რაც მას სჭირდება -ჩვეულებრივ ეს არის საჭმელი, გართობა, მოფერება.
“ჩემი აზრით, ძაღლებს თავისებური, უნიკალური გონებრივი წყობა აქვთ, - ამბობს დოქტორი უინი, - ბედნიერებაა, რომ ძაღლსა და ადამიანს აზროვნების მხრივ რაღაც შეხების წერტილები აქვთ იმ დონეზე მაინც, რომ მათი ამგვარი ურთიერთობის შესაძლებლობა არსებობს; მაგრამ თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ ძაღლები სამყაროს ისე აღიქვამენ, როგორც ჩვენ.”